Breaking
Home » მთავარი » რა ხდებოდა Tbilisi Open Air 2017-ზე

რა ხდებოდა Tbilisi Open Air 2017-ზე

ტექსტში აღბეჭდილია რედაქციის წევრების შთაბეჭდილებები

სადღაც ნუცუბიძის მესამე პლატოს ვიყავით ახალი გამოცდენილები, ლისისკენ მიმავალ ავტობუსში, სუპრასტინმა რომ გაგვიხსნა. წინ ისეთი მანქანების კოლონა მიდიოდა, თითქოს გიგანტურ სნეიკს თამაშობდა ვიღაც, ძალიან ნელ სნეიკს, მცირე მანევრირების შესაძლებლობით. ლისის ტბამდე არსებულ სივრცეში მოსეირნე მხრცოვანი ქალები და ზოლიან ჯემპრებში გამოწყობილი – თითქოს მატრიცის კოდური შეცდომის შედეგად წარმოქმნილი – ვაჟთა სინქრონში მოძრავი ფიგურები ისეთი განსჯით სავსე მზერას აყოლებდნენ ჩვენ ფანჯრებს, 17 მაისის ავტობუსში ვტრანსპორტიდით ცნობიერად. ან შეიძლება სუპრასტინს მოქონდა ისე ძლიერად, რომ ჰალუცინაციებში წავედით.

როგორც იქნა ავაღწიეთ ”თბილისი ოუფენ ეარის” საფესტივალო სივრცეში, პარასკევი საღამოა, სამსახურიდან ვართ გამოსულები, უკვე ვხვდებით, რომ აშკარად იმაზე მეტი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე რაციონალურად უნდა გვქონდეს, პარასკევთან კორპორატიული ეთიკის მიერ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება თავისას შვება. ცას ავხედეთ და უცებ უილიამ გიბსონის სტყვები ჩაგვესმა: ”პორტის თავზე ცა გამორთულ არხზე გადართული ტელევიზორის გამოსახულების ფერი იყო”. იქიდან გამომდინარე, რომ ”ოუფენ ეარზე” არ გაწვიმება ისეთივე გამორიცხულია, როგორც ფსიქოტროპული მოძრაობებით და გამოხედვით აღკაზმული, გახეული ფხიზელი ადამიანები, ამიტომ კლიმატის უკეთურება მარტივად დავიკიდეთ, ქოლგები ქარქაშიდან ვიშიშვლეთ და დავიწყეთ ტერიტორიის გამოკვლევა.

კონსუმერისტული სამოთხე გადაგვეშალა თვალწინ, როდესაც აღმოვაჩინეთ რამდენიმე ათეული საკვები პუნქტი, მრავალფეროვანი მენიუთი და ზოგგან იმდენად კეთილგანწყობილი ფასებით, რომ უკვე ვფიქრობდით სუპრასტინი მართლა ხომ არ გვქონდა მიღებული და რატომღაც მართლა ხომ არ გვირევდა გონებას. ამ ყველაფრიდან განწირულმა ხავილმა გამოგვაფხიზლა, რომელიც მთავარი სცენიდან მოდიოდა. საათი არ გვახსოვს, რომ ვნახოთ რომელი ბენდი უკრავდა, მაგრამ ხავილი ისეთი ომახიანი იყო, თბილი თაფლიანი ჩაის აწოდების სურვილს აჩენდა სოლისტისათვის.

განვაგრძეთ საფესტივალო ტერიტორიების არქეოლოგია, გზად ძაან სიმპათიური სენდვიჩებით აღვიჭურვეთ და გადავედით ალკოჰოლური სასმელების მარჟის ინსპექტირებაზე. ამ მხრივაც მოულოდნელად კარგი სიტუაცია დაგვხვდა. მოკლედ, ოც ლარში თრობის სასურველ მდგომჯარეობამდე მიიყვანდი თავს თუ ალკოჰოლისადმი საოცრად რეზისტენტული ორგანიზმი არ აღმოგაჩნდებოდა. ერთი სიტყვით, პირველი შთაბეჭდილებები იმაზე მეტყველებდა, რომ ყველაზე კომფორტული ”ოუფენ ეარი” დაგვხვდა ფესტივალის არსებობის ისტორიაში. ბარემ იმისთვის, რომ ბალანსი ვპოვოთ, კეტილ სიტყვებს პრეტენზიებს მოვაყოლებთ.

ფესტივალის მთავარ პრობლემას ყოველთვის ხმა და მასთან არსებული ხარვეზები წარმოადგენდა, იქნებოდა ეს მიკროფონების სიხშირეების დისბალანსი, დინამიკების ხარვეზები თუ რამე სხვა. მოკლედ, ფესტივალის ტერიტორიაზე მოძრაობისას კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში როდესაც მოხვდებოდი, სცენიდან სცენას შორის არსებულ შუამიწეთში, ორივე მხრიდან მომავალი შემსრულებლის კომპოზიციები თანაბრად იკვეთებოდა ერთმანეთში და მამენტ სერიოზული ექსპერიმენტული აქტის შთაბეჭდილებას ტოვებდა,  მაგრამ დეზორიენტაციასაც ჯიგრულად იწვევდა. რეალურად არსებული ტერიტორია არ აღმოჩნდა საკმარისად ფართო იმისთვის, რომ რამდენიმე სცენისთვის და ერთდროულად რამდენიმე აქტის პერფორმანსისთვის ემასპინძლა. სცენასთან სიახლოვეს დგომისას ნაკლებ სავარაუდოა სხვა სცენიდან მომავალ ხმას შეეწუხბინე, მაგრამ თუ ცენტრისკენ გადაწყვეტდით გასეირნებას, მანდ უკვე ყურთასმენას ყველაფერი ერთად მოწვდებოდა: ნინო ქათამაძის ბენდის სისხლიანი ბრძოლა ქართული გენის გადარჩენისთვის, ადგილობრივი ბლექ მეტალი თუ ბარებში ჩართული ბრიტნი სპირსის და ბექსთრით ბოიზის ოქროს ჰიტები.

ათი საათისკენ პირველი არტისტი, რომელსაც ვიცნობდით და ვაფასებდით, მთავარ სცენაზე დადგა და ჩვენ ქვევით დავუხვდით. სევდალიზას à la ”მეხუთე ელემენტში” ლილუსგან ინსპირირებული სტილის კაბა ეცვა, ჩვენ კისრამდე შეფუთულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვიყინებოდით, წვიმაც აქა-იქ გვახსენებდა თავს. ტრიპ ჰოპის და RnB-ს თბილი მელოდიები საკმარისი აღმოჩნდა სიცივესთან საბრძოლველად, სევდალიზა ლილუსავით იყო გამოწყობილი, მაგრამ პლავალაგუნასავით მოძრაობდა და ყოველი კომპოზიციის ბოლოს ახსენებდა მსმენელს, რომ ძალიან მადლიერი და სიყვარულით აღვსილი იყო, რომ თეირანში წლებია არ ყოფილა, ძალიან ენატრება, თბილისმა სამშობლო მოაგონა და კმაყოფილი იყო. შემდეგ შეკრებილ ირანელ ფანებს სპარსულადაც ესაუბრებოდა, ბოლოს ბენდის წევრებიც გაგვაცნო და წავიდა.

სევდალიზას შემდეგ, ირანის მიმართ სენტიმენტები გააგრძელა ”ანათემამ”, რომელმაც აგრეთვე თბილისისა და თეირანის მსგავსებაზე გააკეთა კომენტარი, ემიგრანტების კრიზისს მიუძღვნა სიმღერა და საზღვრებს გარეშე სამყარო თუ რაღაც მსგავსი ბანალური რიტორიკა გააჟღერა და მოაყოლა თავის ატმოსფერული პოსტ როკის, პროგრესისთვის, არტ როკის, მელანქოლური და ჰიპნოტური მელოდიები. ერთი სიტყვით, პირველი დღით კმაყოფილები დავრჩით, ორგანიზების მხრივაც დიდი პრობლემები არაფერს შეუქმნია და არტისტებმაც მაქსიმალური პატივისცემა გამოამჟღავნეს მსმენელის მიმართ. უბრალოდ, უკანა გზაზე მენინგიტის გარდაუვალ აკიდებაზე ფიქრი არ ტოვებდა გონებას.

მეორე დღეს ახალი შემართებით, მეტი თბილი ტანსაცმლით, მზიანი ამინდით, გართობის მაქსიმალური შემართებით გავეშურეთ საფესტივალო სივრცეში, სადაც აჟიტირებულობა უცებ გააქრო ჰამაკში ჩდომამ და ბუნებასთან ჰარმონიულ პოზიციაში გადანაცვლების შესაძლებლობამ. აქ მივხვდით, რომ ენერგიული გართობის პარალელურად, შესაძლებელი იყო სრული სიმშვიდე და ქალაქგარეთ, ბუნებაში დასვენების ხანმოკლე რეალობა შეგექმნა საკუთარი თავისთვის. იდეაში, ჩვენთვის ”ოუფენ ეარი” ყოველთვის გარემოს გამო იყო საინტერესო, რადგან სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ისეთი არტისტი, რომლის ნახვაც ”ვაიმე დედიკო, ვაიმე შევჩენკო” კატეგორიაში გადაგვიყვანდა, ფესტივალს არ ჩამოუყვანია.

შაბათს ერთმანეთს მიყვებოდა ოთხი ქართული აქტი, ”არა”-მ მხიარულად დაიწყო და ხალხი ააცეკვა, ეკომმ და ვინდა ფოლიომ ყველას მამა აგინებინა. ”ლაუდსფიქერსზე” უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა სცენასთან. ჩვენ ამ დროს ალკოჰოლური თრობის იმ სტადიაში შევდიოდით, სადაც საკუთარი ღირსების არსებობას ივიწყებენ ხოლმე, ”სოფთ ეჯექტი” მაშინ ვიცანით, როდესაც Please just carry on დაუკრეს, ბავშვობა და თოვლი გაგვახსენდა, სევდა შემოგვაწვა და ემოციურ მოგონებად გარდაქმნად ცხოვრებისეულ მომენტებზე თუ რაღაც მსგავსზე დავლიეთ.

მოკლედ, ჯერ არც იმდენად მთვრალები ვართ რომ ფეხზე ადგომა ვერ შევძლოთ, მაგრამ არც იმდენად ფხიზლები, რომ ფეხზე ადგომა მოგვინდეს. უცებ დრამის პედლის ენერგიული დარტყმა გაისმის და რუსული ჩხავილი. ”ვა, ვა, ვა, ლენინგრად, ვა, ვა, ვა, ტოჩკა რუ” – ბავშვობაში ”მაესტროზე” ანიმაციური კლიპი გადიოდა ხოლმე, ამის მეტი ბენდის შესახებ არაფერი ვიცით. კარგი იყო, ადგილზევე ავმოძრავდით, სცენიდან საკმაოდ შორს ვართ. მეორე სიმღერა პირველად გვესმის, მაგრამ იმდენად ენერგიული და ამყოლია უკვე ვიწყებთ იმაზე ფიქრს რომ ჯობია დალევა შევწყვიტოთ და ცოტათი მივუახლოვდით სცენას. მესამე ტრეკზე უკვე სერიოზულად ვფიქრობთ ”კი ოკუპაციას!” თქო. თუ ორი საათი არყის ორალური გზით მიღებით ვიყავით დაკავებული, ლენინგრადმა სამ სიმღერაში აუდიო სიხშირეზე ისეთი ბომბი სამაგონი გაავრცელა, თრობის ახალ კატეგორიაში გადაგვიყვანა. ბენდის ძალიან სასაცილო და მარტივი ტექსტები მეორე კუპლეტზე უკვე ზეპირად ვიცოდით და ისე ვყვებოდით როგორც სტაჟიანი ფანები.

”ლენინგრადის” ფრონტმენის ქარიზმამ, ხრინწიანმა ხმამ და მუდმივმა ინტერაქციებმა აუდიტორიასთან, შექმნა იმდენად დიდი ერთსულოვნება, რომ მისი მითითებების შესრულება უკვე ვალდებულებასავით ჟღერდა. იქნებოდა ეს წარმოსახვით ძუძუებზე ხელის მოკიდების იმიტაციის გაკეთება თუ ”ხუი-ხუი”-ს სინქრონულად ყვირილისკენ მოწოდება, დახეულ ჯინსის ბრიჯებში და თეთრ ”შევარდნაძეებში” გამოწყობილი კაცი სცენიდან გართობის პატრიარქად გადაიქცა, რომლის ყოველი სიტყვაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ”ლენინგრადის” ლაივი საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ჩვენი სხეულების ელექტრული მოძრაობები ერთი საათის მანძილზე არ შეწყვეტილა.

იდეალური საფინალო სიმღერა გამოდგა კომპოზიცია Просто (მართალია ბოლოს კიდევ ერთი სიმღერით მობრუნდნენ, მაგრამ ბოლო აკორდი აქ დაისვა) სიმღერის დაწყების წინ ფრონტმენმა ტელეფონების ეკრანების განათებისკენ მოუწოდა აუდიტორიას და პირობა დადო, რომ ვინც ასე იზამდა, დღის ბოლოს ცხოვრების საუკეთესო სექსი ექნებოდა. ვის როგორი სექსი ქონდა 17 ივნისს ამაზე საუბარი უადგილოა, მაგრამ ასეთი ემოციური, რომანტიკული, სასაცილო, მელანქოლური, ენერგიით სავსე და მარტივი (ამ სიტყვის საუკეთეოს გაგებით) ლაივი ჩვენ არასოდეს მოგვისმენია. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ პირველად ვისმენდით სიმღერას, თავიდან ბოლომდე ისე ვიმღერეთ, თითქოს ჩვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტის საუნდტრეკი ყოფილიყო. ასე მცირედი ინვესტიციით მიღებული მარტივი ბედნიერება ბოლოს ალბათ მაშინ განვიცადეთ, პირველად რომ ”ფლეისთეიშენი” გვიყიდეს ბავშვობის ჯერ კიდევ შეურყვნელ წლებში. ლენინგრადის ლაივი ერთბაშად იყო ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავის გარიდებაც და რეალობაში ინვესტირებაც. იმდენად დიდი მხიარულება მოდიოდა სცენიდან, დაგავიწყდებოდა ის, რომ სამსახურის რუტინა მომავალის გეგმებს გინგრევს, რომ შენი ტრფობის ობიექტი სხვასთან მიდის, ”ლეფთოვერსი” დამთავრდა, ის ტყავის ქურთუკი ვერ გამოიწერე, იმიტომ რომ შენი ზომა აღარ იყო და სხვა დრამები. ამის პარალელურად კი მაქსიმალურად განდომებდა ემოციების გაზიარებას გვერდით მდგომ მეგობრებთან თუ უცხო ხალხთან, რომლებიც ნაკლებ უცხოებად ჩანდნენ, იმდენად ერთობლივი იყო არსებული ემოცია.

კვირის პერიპეტიებს ორი დღეა ვიხსენებთ და დიდად პროგრესი არ გვაქვს. იმხელა ძალისხმევა ჩავდეთ სიფხიზლისგან დისტანცირებაში, მაქსიმალური შედეგი მივიღეთ და ბოლოს ის გვახსოვს, რომ დილის 4 საათზე ფესტივალიდან გამოსულები მეგობრის ზარმა უკან მიგვაბრუნა და კიდევ კარგა ხანი დაგვტოვა. ხო, და ქათმის სენდვიჩის საოცარი გემო, რომელიც არ გვახსოვს სად ავიღეთ. ფესტივალის ბოლო დღეს ჯგუფმა კუნგ ფუ ჯანქიმ განაცხადა, რომ ამ პროექტით ეს უკანასკნელი ლაივ პერფორმანსი იყო. ბევრი ახალი ტრეკი დაუკრა, ძველი ჰიტებით ხალხი გააბედნიერა და სტუდიური ალბომი დააანონსა, სადაც კოლექტივის გარდაცვლილი წევრის, გრინჩის შექმნილი ყველა კომპოზიცია ერთად იქნება შესული. Archive როდესაც სცენაზე დადგა, უკვე სადღაც ხეებს შორის ვიყავით გამაგრებული სრულად არეული გონებით. თუმცა Fuck you-ზე ცოტახნით მაინც დაბრუნდა მგრძნობელობა და დაგვემატა სიამოვნება.

2017 წლის ”თბილისი ოუფენ ეარი” ალბათ  საუკეთესო იყო ამ ფესტივალის არსებობის მანძილზე. ჯერ-ჯერობით უახლესი ემოციური შეგრძნებები ამას გვეუბნებიან. რაც მთავარია, პირველად გვქონდა იმის გამოცდილება, რომ უცნობი ბენდისგან სუფთა მუსიკალური ბედნიერება მივიღეთ, რაც მსგავსი ივენთების ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა, მაგრამ ამ მხრივ მუდმივად დეფიციტია. იმედია შემდეგ წელს კიდევ უფრო გამართული, მასშტაბური და ვარსკვლავური იქნება ”ოუფენ ეარი”, მაგრამ სულ რომ არაფერი შეიცვალოს, ”ლენინგრადი” თუ დაბრუნდა, უკვე ფესტივალზე დასწრება აუცილებლობის კატეგორიაში გადაინაცვლებს. თურმე как охуенно просто.

 

ფოტოს ავტორი: ბექა ბორცვაძე
x

Check Also

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს ...