Breaking
Home » ფოტოგრაფია » ვიტკინი – სიკვდილის ფოტოგრაფი

ვიტკინი – სიკვდილის ფოტოგრაფი

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

”ეს მოხდა კვირას, როდესაც დედაჩემს მე და ჩემი ტყუპი ძმა ჩვენ ნაქირავები სახლის კიბეებიდან ჩამოვყავდით. ეკლესიაში მივდიოდით, როდესაც გასავლელთან მივედით საშინელი ყვირილის ხმა გავიგონეთ. სამი მანქანა ერთმანეთს დაჯახებოდა, სამივეში პატარა ბავშვები იყვნენ. იმ არეულობაში ისე მოხდა, რომ დედას ჩემი ხელი აღარ ეჭირა და ”აკრძალულ” ადგილას ავღმოჩნდი. ერთ ერთ მანქანიდან რაღაც გამოგორდა და ჩემს ფეხებთან გაჩერდა. ეს პატარა გოგონას თავი იყო. დავიხარე, რომ შევხებოდი და დავლაპარაკებოდი, მაგრამ სანამ რაიმეს გაკეთებას მოვასწრებდი ვიღაცამ წამიყვანა”

ამ შემთხვევიდან იწყება ამერიკელი ფოტოგრაფის ჯოელ პიტერ ვიტკინის ისტორია. ვიტკინი 1939 წლის 13 სექტემბერს, ბრუკლინში, დაიბადა. მისი დედა კათოლიკე, მამა კი ებრაელი გახლდათ. მშობლების რელიგიურობამ  მის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მის შემოქმედებაზე დიდი როლი ითამაშა. ვიტკინი ფოტოგრაფიით სერიოზულად 1961-64 წლებში დაინტერესდა, როდესაც ვიეტნამის ომში ფოტოგრაფად მუშაობდა. 1967 წელს ის City Wall-ში საშტატო ფოტოგრაფად აიყვანეს. საყოველთაო აღიარება ვიტკინს 1982 წელს გადაღებულმა ფოტომ, ”კოცნამ” , მოუტანა.

როგორც თვითონ ამბობს ”ჩემი ცხოვრება ჩემი ფოტოებია და ჩემი ფოტოები კი ჩემი ცხოვრებაა. მე ვცდილობდი სინათლე შემეტანა ისეთ სიბნელეში როგორიც სიკვდილია”. მის ფოტოებში დანგრეულია ყველა სტერეოტიპი, რაც ფოტოგრაფების უმეტესობას დღემდე შემორჩა. ის სილამაზეს პოულობს საზოგადოების მხრიდან გარიყულ დაავადებულ ადამიანებში, ტრანსგენდერებში, ჯუჯებში, გვამებში და დასახიჩრებულ ადამიანებში, რომლებსაც ვიტკინი ”წმინდანებს” უწოდებს. მას სურს მისი ფოტოები იყოს ისეთივე ძლიერი როგორც სიკვდილისას ბოლო მოგონებაა. როდესაც პირველად ნახულობ ვიტკინის ნამუშევრებს გინდება მალევე გადაფურცლო კატალოგის გვერდი, დახურო ფანჯერა, გამორთო კომპიუტერი, მოკლედ ყველანაირად ცდილობ თვალები აარიდო მის ფოტოებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თუ ერთხელ მაინც შეავლებთ მის ნამუშევარს თვალს დამერწმუნეთ ის მუდამ თქვენთან დარჩება და მანამდე გაგაწვალებთ სანამ ერთ დღესაც თავიდან ბოლომდე არ შეისწავლით მის ფოტოებს, წაიკითხავს მის ბიოგრაფიას და გაიგებთ საიდან დაიწყო მისი ისტორია. ამ ყველაფრის შემდეგ კი თქვენ სიკვდილის აღარ შეგეშინდებათ.

ვიტკინის ნამუშევრები საკმაოდ რთულად აღსაქმელია თავისი სიუჯეტიდან გამომდინარე. ჩვენი გონება საქმეს კიდევ უფრო ართულებს, რადგანაც მის ფოტოებში ერთი შეხედვით ბევრი დეტალია, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ფოტოს იდეა თითქმის ყოველთვის საკმაოდ მარტივია. ეს არის ადამიანი თავისი ნაკლოვანებებით, შიშით, სურვილებით, წარუმატებლობებით. როგორც თვითონ ვიტკინი ამბობს ”დრო არსებობს მხოლოდ დედამიწაზე. ამიტომ ჩემი ნამუშევრები ეხება მხოლოდ ადამიანებს დროში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისტორიასთან, მორალთან, იმედებთან, ღმერთებთან, სიკვდილთან და (განსაკუთრებით) სიყარულთან. ამ უკანასკნელის გარეშე არ არსებობს არც ცხოვრება და არც ხედვა.”

ვიტკინის ფოტოები არ არის უბრალოდ ფორზე ასახული გამოსახულება, წამიერად დაფიქსირებული ემოცია ან კარგი მოგონება. ის არის იდეა, რომელიც მუშავდება მის სახელოსნოში. თავიდან ის ქმნის ამ იდეის ესკიზს, შემდეგ იღებს ფოტოს და ნეგატივს კაწრავს ზემოდან, ახატავს, ჭრის და შემდეგ უკვე ბეჭდავს. ასე იქმნება მისი ფოტოები.

”ჩვენ, ფოტოგრაფები, ვცდილობთ იმაზე კარგი ცხოვრება დაგანახოთ რაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც დაბნეულობა, იზოლაცია და სიბნელეა. ჩემ ფოტოებში სამივე აღმოაჩენთ. ისინი ირეკლავენ საზოგადოების მასების დამოკიდებულებას, ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ სინათლე ყველგანაა, ისეთ სიბნელეშიც კი როგორიც სიკვდილია”

ვიტკინი მუდმივად მიგვანიშნებს ფერწერის სიძლიერეზე ბოსხის, ველასკესისის, გოიას, მიროს, ბოტიჩელის და პიკაასოს ნამუშევრებით. მათი გამოსახულების და სიმბოლოების გამოყენებით ქმნის თავის ახალ ისტორიას. ვიტკინმა მოგვცა საშუალება გვენახა მისი ერთდროულად საშიში და შთამბეჭდავი სამყარო სადაც არ არის ზღვარი ნორმალურსა და არანორმალურს, ლამაზსა და მახინჯს, სიკვდილს და სიცოცხლეს შორის. თავის ნამუშევრებში მან სიკვდილის გაცოცხლება შეძლო.

x

Check Also

ანტუან დ’აგატას გაცნობა

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე ერთ-ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც მეგობრებთან ერთად კაფეში ზიხარ და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ თემებს ...